პოლიტიკური ფაქტორები საქართველოში საფრთხეს უქმნის ინვესტიციებსა და ექსპორტს – EBRD

პოლიტიკური ფაქტორები საქართველოში საფრთხეს უქმნის ინვესტიციებსა და ექსპორტს – EBRD

EBRD-მა მისი წევრი ქვეყნების ეკონომიკური მიმოხილვა განაახლა. დოკუმენტის თანახმად, 2025 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უცვლელად, 6%-ზე არის შენარჩუნებული, თუმცა ხაზგასმულია ის რისკები, რომლებსაც ქვეყნის ეკონომიკაზე აქვთ გავლენა. აღნიშნული რისკები ძირითადად პოლიტიკურია და მათ შორის მთავარი ქვეყანაში არსებული პოლიტიკური გაურკვევლობა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებაა. EBRD მიუთითებს, რომ აღნიშნულს ქვეყნის ექსპორტსა და ინვესტიციებზე ნეგატიური გავლენის მოხდენა შეუძლია.

“2024 წელს საქართველოს ეკონომიკა 9.4 პროცენტით გაიზარდა, მოლოდინს გადააჭარბა და 2023 წლის 7.8 პროცენტიანი ზრდის შემდეგ დაჩქარდა.

ამ ზრდას საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, განათლების, საჯარო ადმინისტრირების, ვაჭრობისა და მშენებლობის სექტორები განაპირობებდა. მიუხედავად ომთან დაკავშირებული შემოსავლების შემცირებისა და რუსეთიდან მიგრანტების ნაკადის კლებისა, შიდა მოხმარება კვლავ ძლიერი რჩებოდა, რასაც სესხების ზრდა და ხელფასების მატება უწყობდა ხელს.

ამასობაში, 2024 წელს ინფლაცია დაბალ დონეზე შენარჩუნდა, საშუალოდ 1.1 პროცენტი, რაც 2023 წლის 2.5 პროცენტზე ნაკლებია. მან ზრდა 2024 წლის ოქტომბერში დაიწყო, საკვებ პროდუქტებზე ფასების მატების გამო, და 2025 წლის მარტში წლიურად 3.5 პროცენტს მიაღწია, რაც ოდნავ აღემატება საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) 3 პროცენტიან სამიზნე მაჩვენებელს.

სებ-მა 2024 წლის მაისიდან პოლიტიკის განაკვეთი 8 პროცენტზე შეინარჩუნა, მას შემდეგ რაც 2024 წლის დასაწყისში ის ჯამურად 150 საბაზისო პუნქტით შეამცირა. სებ-ის მონეტარული პოლიტიკა კვლავ ფრთხილია, აბალანსებს რა ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერასა და საგარეო რისკების შემცირებას.

მაღალი რეალური საპროცენტო განაკვეთი მიუთითებს ინფლაციური მოლოდინების დასტაბილურების მიზანმიმართულ მცდელობაზე. მოსალოდნელია, რომ რეალური მშპ-ს ზრდა 2025 წელს 2024 წელს არსებული 9.4%-დან 6 პროცენტამდე, ხოლო 2026 წელს 5 პროცენტამდე შენელდება, რაც პოტენციური ზრდის ტემპთან ახლოსაა. ამას ხელს შეუწყობს საჯარო ინფრასტრუქტურული პროექტები და მთავრობის მიერ მხარდაჭერილი ინიციატივები, განსაკუთრებით ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სექტორებში.

ამასთან, პოლიტიკურმა გაურკვევლობამ და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებამ შესაძლოა შეაფერხოს ექსპორტის ზრდა და ინვესტიციები, რადგან რუსეთიდან მიგრაციის ერთჯერადი ეფექტი მცირდება. ეკონომიკაზე უარყოფითად მოქმედი რისკები მოიცავს საგარეო ბალანსებისა და სხვა ქვეყნებიდან მოთხოვნის შესუსტებას, პოტენციურად გაზრდილი სავაჭრო ტარიფებისა და გაუარესებული ბიზნესგარემოს გამო, ასევე სესხების ზრდის შენელებას,”- ნათქვამია EBRD-ის მიმოხილვაში.

EBRD-ის 2025 წლის მაისის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი საქართველოსთვის და რეგიონის ქვეყნების ეკონომიკებისთვის ასე ნაწილდება:

  • საქართველო – 6%, პროგნოზი უცვლელია;
  • სომხეთი – 5%, პროგნოზი უცვლელია;
  • აზერბაიჯანი – 3%, პროგნოზი უცვლელია;
  • უკრაინა – 3.3%, პროგნოზი 0.2 პ.პ-ით შემცირებულია;
  • თურქეთი – 2.8%, პროგნოზი 0.2 პ.პ-ით შემცირებულია;
  • რუსეთი – 1.5%, პროგნოზი უცვლელია;

მსგავსი სიახლეები

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს ეკონომიკა სამი კომპანიის მიერ – “საქართველოს ბანკის”, “თიბისი ბანკისა” და “საქართველოს კაპიტალის” მეშვეობით არის წარმოდგენილი. გასული კვირის…
ჯანდაცვის სამინისტრო 6 თვეზე მეტი ვადით ქვეყნიდან გასული მოქალაქეების მიერ საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობაზე განმარტებას აკეთებს

ჯანდაცვის სამინისტრო 6 თვეზე მეტი ვადით ქვეყნიდან გასული მოქალაქეების…

ჯანდაცვის სამინისტრო 6 თვეზე მეტი ვადით ქვეყნიდან გასული მოქალაქეების მიერ საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობაზე განმარტებას აკეთებს. უწყების განცხადებით, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, საქართველოს…
“დანერგე მომავლის” ბაღების კომპონენტში განაცხადების მიღება 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება

“დანერგე მომავლის” ბაღების კომპონენტში განაცხადების მიღება 28 თებერვლის ჩათვლით…

პროგრამის “დანერგე მომავალი” ბაღების კომპონენტის ფარგლებში განაცხადების მიღება მიმდინარეობს და 2026 წლის 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს. ბაღის…